მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
შეზღუდვა შეეხება - როგორც საქალაქთაშორისო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას. ასევე, 28 ნოემბრიდან დაიხურება მაღაზიები, ბაზრობები და რესტორნები.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
· რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:
- პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway
- „დელივერი“
- „დრაივი“
· ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
· ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
· სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
· ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
· სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
· ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
· სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
· კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე:
· სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
· ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
· იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
· აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
· ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
· აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
· არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი - 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
· აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
· შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
· ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7.საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
9. და სხვ.
· არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.