19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მძიმე ეპიდვითარების გამო ქუთაისში თავისუფალი საწოლები არ არის - კლინიკები ადგილების გათავისუფლებას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან

მძიმე ეპიდვითარების გამო ქუთაისში თავისუფალი საწოლები არ არის. კოვიდმიმღები კლინიკების ხელმძღვანელები "კურიერთან" აღნიშნავენ, რომ საწოლფონდი უკვე შევსებულია და პაციენტებს ვეღარ იღებენ.

"დილის მდგომარეობით დაწესებულებაში იმყოფებოდა 121 პაციენტი. თავისუფალი ადგილები დილის მდგომარეობით არ იყო. გაეწერებიან პაციენტები და დღის განმავლობაში იქნება," - აცხადებს ჩხობაძის სახელობის კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი.

თავისუფალი ადგილები არაა არც  "ლჯ & კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში"

"გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე სტაბილურები არიან და მიმდინარეობს ძირითადად სიმპტომური მკურნალობა. დღის მეორე ნახევარში ველოდებით პაციენტების გაწერას, ამ ეტაპზე კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ გვაქვს," - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

"უნიქალმედში" 4 პაციენტის გაწერას ელოდებიან, თუმცა მათი ადგილი თითქმის უკვე დაკავებულია:

"ამ ეტაპზე, თავისუფალი ადგილი არ გვაქვს. 4 პაციენტი ეწერება ბინაზე, არიან პაციენტები, რომელზეც გვიკავშირდება როგორც სასწრაფო დახმარება ისე ოჯახის ექიმები, არიან თვითდინებით პაციენტები, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპზე შეიძლება მძიმედ შეფასდეს და საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას. სავარაუდოდ ეს პაციენტები დაიკავებენ გაწერილი პაციენტების ადგილს," - აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი ვასილ ფარცხალაძე.

კორონავირუსის შემთავევათა რაოდებობა მატულობს შიდა ქართლშიც.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა რეგიონში არსებულ მონაცემებზე მედიასთან ისაუბრა. 

მისი თქმით შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში  გამოვლენილია ინფიცირების 108 შემთხვევა.  24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 150 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 142 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა  სულ 4400-ია, მათ შორის - 1423 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსისგან პაციენტი არ გარდაცვლილა.

დღის ამბები