08 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება - ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდება სომხეთის კათოლიკოსიც

საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ქუჩაში გასული ხალხი - სომხეთში მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. ნიკოლ მოღალატე - ამ შეძახილებით მოქალაქეებმა მსვლელობები და საპროტესტო აქციები ერევანსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში გამართეს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქში ის ქუჩები გადაკეტეს, რომლებიც 2 წლის წინ სწორედ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლისთვის ჰქონდათ ჩაკეტილი.

აქციები სომხეთში დღეს ზუსტად 12 საათზე დაიწყო, როცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ოპოზიციისგან მიცემული ვადა ამოეწურა და თანამდებობიდან არ გადადგა, 17 პარტიის მიერ დაფუძნებულმა "სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის" საბჭომ მოქალაქეებს საყოველთაო აქციებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციის თხოვნის მიუხედავად სამართალდამცველებმა დღის განმავლობაში ერევანში აქციის 34 მონაწილე დააკავეს, მატ შორის არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გეგამ მანუკიანიც.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდება სომხეთის კათოლიკოსიც. სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა.

პარტია "აყვავებული სომხეთის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე არმან აბოვიანი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა არ არის უბრალოდ პოლიტიკის ნაწილი და ეს ხალხის გადაწყვეტილებაა.

თავად ნიკოლ ფაშინიანს დღეს კომენტარი აღარ გაუკეთებია. თუმცა, პრემიერის პრესცენტრმა გაავრცელა ფაშინიანის კადრები, რომ მთავრობის მეთაური აგრძელებს მუშაობას. ფაშინიანი დღეს სომხეთში აშშ-ის ელჩსაც შეხვდა, უცნობია საუბრის დეტალები.

დღის ბოლოს დაუმორჩილებლობის აქცია სომხეთის დედაქალაქში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები