სავაჭრო ცენტრები, მოლები და არასასურსათო მაღაზიები უკვე გაიხსნა. მოქმედებს განსაკუთრებული წესები. სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს შვიდამდე განისაზღვრა. შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება 2 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.
სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელი დილიდან მივიდა. როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე მკაცრად კონტროლდება მომხმარებელთა შენობაში შესვლის წესები, ასევე კონტროლდება პირბადის ტარება და რიგების დაცვა.
"ნაკადების კონტროლისთვის გამოვიყენებთ ჩვენს მთვლელებს, რომელიც სავაჭრო ცენტრშია დამონტაჟებული და რომლის მეშვეობითაც ვიგებთ შენობაში მყოფი მომხმარებლების რაოდენობას. როდესაც რაოდენობა მიაღწევს იმ მაქსიმუმს, რაც დაშვებულია, შემდეგ შეჩერდება მომხმარებლების შესვლა შენობაში.
აქამდე იყო, რომ მომხმარებლები უფრო მეტად საღამოს საათებში სტუმრობდნენ მოლებს. ძალიან კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებენ, რომ უფრო ადრეულ საათებში მოვიდნენ, რომ არ მოხდეს ერთად ბევრი ადამიანის თავმოყრა,“ - აცხადებს ”გალერია თბილისის” კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთა ახობაძე.