ქვეყნის დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები გარკვეული რეგულაციების დარღვევით მუშაობენ. ქუთაისში ადმინისტრაცია ვერ ახერხებს გააკონტროლოს სიტუაცია შენობის გარე პერიმეტრზე, სადაც დისტანცია დარღვეულია.
"40 წუთია, რაც ვდგავართ რიგში. ველოდები მეც, მაგრამ უმართავია სიტუაცია. ყველა იძახის თანამშრომელი ვარო და უშვებენ ასე. რა აზრი აქვს ასეთ დისტანციას შიგნით, თუ გარეთ ასეთი ამბავია, ჩახუტებულია ხალხი," - აცხადებს მომხმარებელი.
რაც შეეხება ბათუმს, ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია და სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს იცავენ.
"გავაძლიერეთ უსაფრთხოების ნორმები, ვიცავთ რეგულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილს, გვაქვს ერთი ცენტრალური შემოსასვლელი, საიდანაც ხდება ნაკადის კონტროლი, თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფექცია, ასევე გვაქვს დეზობარიერები," - აცხადებს ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.