საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია.
"ამ დროისთვის სამეგრელოში - 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. რაჭაში - ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. აჭარაში - ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. იმერეთში - 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. გურიაში - 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.
კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს, ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.