ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც საშობაო ეპისტოლე ვერ გამოქვეყნდა ისაა, რომ მისი მომზადება შორენა თეთრუაშვილმა ვერ მოახერხა.
მისივე თქმით, ბოლო დროს გავრცელებული ეპისტოლეები მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დამოკიდებულებებს ასახავდა კონკრეტული მოვლენების მიმართ და არა ეკლესიის პოზიციას.
"ჩემთვის უცნობია, რას მოიგონებს საპატრიარქო ამის მიზეზად, მაგრამ ფაქტია, რომ ეპისტოლე არ არის, რადგან ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა ვერ შეძლო მისი მომზადება. ჩვენ წლიდან წლამდე ვეცნობოდით წინა წლებიდან გადმოწერილ ეპისტოლეებს, მაგრამ ეს, მეტ-ნაკლებად, მისაღები იყო, რადგან მათში ჩანდა ცალკეული საკითხების მიმართ საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება. თუმცა, ამჟამად ცხადია, რომ ეს არ იყო, რეალურად, ეკლესიის დამოკიდებულება, აღმოჩნდა, რომ ეს არის ფაქტობრივად, შორენა თეთრუაშვილის დამოკიდებულება ცალკეულ მოვლენებთან მიმართებაში, რომელიც უმაღლესი იერარქის სახელით ვრცელდებოდა,"- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე დღეს, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა, თუმცა, ის ჯერაც არ გამოქვეყნებულა.