პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პაკეტის სამ პუნქტიანი გეგმა საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა.
წარდგენილი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მათთვის მინიჭებული ქულების მიხედვით გასაცემი თანხებია. სოციალური დახმარება გაიცემა ასევე შშმ პირების გარკვეულ კატეგორიაზე.
"ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა.
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი. გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,"- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეებს განაცხადის შევსება დღიდან შეუძლიათ.