უკვე მეორე დღეა გაგრელები ევაკუაციის მოლოდინში არიან. ერთადერთი მიზეზი, რამაც ქალაქი დაწვისგან გადაარჩინა, ქარი იყო, რომელიც დასახლებული პუნქტების საპირისპიროდ ქროდა. ღია ცეცხლს მოსახლეობისგან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ოკუპირებულ გაგრაში არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ართულებს სტიქიასთან ბრძოლის არასათანადო რეაგირება. პროცესებთან გამკლავებას აფერხებს მეხანძრე-მაშველების სიმცირეც. რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელებულ ხანძარს 10-მდე მაშველი ებრძვის. ცეცხლის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ტყის ის საფარი იჩეხება, რომელიც დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს არის.
ცენტრალური მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარმა ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე სურათი შექმნა. ცეცხლმა დააზიანა გარემო და დააზარალა ადგილობრივები. სურვილის მიუხედავად, ქრობის პროცესში ვერ ერთვება ქართული მხარე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში და ოკუპირებულ აფხაზეთს ვერტმფრენითაც დაეხმაროს. შეთავაზება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას ხანძრის პირველივე კერის გაჩენის დღეს გაეგზავნა.
მეხანძრე-მაშველების სიმცირისა და დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მხარის შეთავაზებას არ იღებს. ხანძრის ლოკალიზებას დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა საკუთარი ძალებით აპირებს.
უკვე მეექვსე დღეა ხანძრის კერებს ებრძვიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზეც. სამ რეგიონში 10-მდე კერაა დარჩენილი. ძლიერი ქარის პირობებში სიტუაცია საათობრივად იცვლება.