იძულებითი ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის გატაცების მორიგი ფაქტი - 23 წლის ბიჭმა დედასთან და 2 ნათესავთან ერთად 15 წლის გოგონა მოიტაცა. სახლიდან მოტყუებით და ძალის გამოყენებით წამოყვანილი არასრულწლოვანი გამტაცებლებმა მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით დააბრუნეს. ახლა მათ 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გოგონას ოჯახის პოზიცია ცნობილია. არასრულწლოვანი ახლა სახლშია და სამომავლო გეგმები სწავლას უკავშირდება.
ბრალდებულები ბრალს აღიარებენ, აღნიშნულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
"ერთმანეთს იცნობდნენ, დასალაპარაკებლად მისულან გოგოსთან რამდენჯერმე და მისმა ოჯახმა უარი უთხრა გოგოს გათხოვებაზე, შემდეგ კი ეს ფაქტი მოხდა. მანქანით მიაკითხა სასიძომ, ძალის გამოყენებით ჩასვეს გოგონა, სახლში მიიყვანეს და არ ატოვებინებდნენ ადგილს. ამ ყველაფერს აღიარებენ ისინი და პატიებას ითხოვენ," - აცხადებს ბრალდებულების ადვოკატი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოტაცებული გოგონა და ბიჭი, ვისაც მისი ცოლად მოყვანა უნდოდა, ბიძაშვილები არიან და რამდენიმე მეტრი აშორებს მათ სახლებს ერთმანეთისგან. მათ არ უკვირთ, რომ ამ საქმეზე ბიჭის დედაც დააკავეს, რადგანაც როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ის ეხმარებოდა ბიჭს გოგონას მოტაცებაში.
პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.