ორგანიზაცია "საქართველო - 3 ზღვის ინიციატივის" დამფუძნებელმა კოკი იონათამიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ჩინურ ვაქცინაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ მათ არც კი მიუმართავთ შესაბამისი სტრუქტურებისთვის გადასამოწმებლად.
თუმცა, კოკი იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი ევროპულ ქვეყნებში რაიმე კრიზისი გამოჩნდება, ჩინური ვაქცინის თემა აუცილებლად გააქტიურდება.
"ჩინურ და რუსულ კომპანიებს, რომლებიც ვაქცინებს აწარმოებენ, არც კი მიუმართავთ ევროპული, შესაბამისი სტრუქტურებისათვის. დღეს მოვისმინე მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ჩინური ვაქცინა არც კი განიხილება. როგორც კი ევროპულ ქვეყნებში რაიმე კრიზისი გამოჩნდება, ჩინური ვაქცინის თემა აუცილებლად გააქტიურდება.
მე ვაქცინაციის კატეგორიული მომხრე ვარ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ძალდატანებითი არ უნდა იყოს. აუცილებელია ითქვას ის, რომ მაგალითად, გუშინ "მოდერნას" ვაქცინაზე კითხვის ნიშნები გაჩნდა კალიფორნიაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვაქცინა არ ვარგა. ნორვეგიის ინციდენტს რაც შეეხება, ეს არის 482 ათასი შემთხვევიდან, სამწუხაროდ, ლეტალურად 30 ადამიანის შემთხვევა დაფიქსირდა. უზომოდ არაკორექტულია საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც გარდაიცვალნენ ან ავადობენ, მაგრამ გვიწევს სამწუხაროდ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვქონდა ხანდაზმულ ადამიანებთან. "ფაიზერის" კომპანიამ ამაზე გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს, მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამ მაგალითის შემდეგ ძლიერ ქვეყნებშიც კი შეაჩერეს დროებით ვაქცინაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც ვითარება გაირკვა, ეს პროცესი გაგრძელდა.
ჩინეთს რაც შეეხება, თავისი გაუმჭვირვალე პოლიტიკისა და ყოფის გამო, არ მგონია, რომ მისი მაგალითი შეიძლება კარგი იყოს. ვიცით, რომ 50% აქვს შედეგი მხოლოდ ბრაზილიაში ჩინურ ვაქცინას, ეს კი არც თუ მაღალი რიცხვია," - აცხადებს კოკი იონათამიშვილი.