შვიდთვიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ფოთში მომხდარი ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.
38 წლის ზაზა გვასალია ქარელში აიყვანეს, ის სოფელ საღოლაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით მოძრაობდა. საუბარია ჯგუფურ მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის 2 ივლისს მოხდა.
43 წლის ვაჟა ტყებუჩავა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცა, ის სასტიკად სცემეს, დაჭრეს და ნაგავსაყრელზე დატოვეს.
მკვლელობისთვის პასუხისგებაში უკვე 4 პირია მიცემული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძებნაში კიდევ 2 პირი იმყოფება, ხოლო ზაზა გვასალია ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულია.
აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი ვაჟა ტყებუჩავა და დაკავებული ზაზა გვასალია, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთმანეთს ორი კრიმინალური კლანი დაუპირისპირდა და ქურდული სამყაროს წარმომადგენლების ინტერესები გადაიკვეთა.
ოჯახის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე "ბონჩო", ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. არსებობს ინფორმაცია, რომ ის თურქეთშია. "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში მოქმედი კიდევ ერთი პირი, გუგუნავა ამბიდან მალევე, გერმანიაში მოკლეს.
საუბარია 2020 წლის 2 ივლისს, 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას სასტიკ მკვლელობაზე, რომელიც კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახლობლის პანაშვიდიდან გაიტაცა, ბეისბოლის ჯოხით სასტიკად სცემა, შემდეგ კი ნაგავსაყრელზე დატოვა.
დაჯგუფების წევრები მოგვიანებით ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაჟა ტყებუჩავას მამასაც, რომელიც გატაცებულ შვილს ეძებდა. ამ მიზნით, ის მივიდა ცნობილი "კანონიერი ქურდის" ჯუმბერ ბაირამიდის მშობლების სახლში, ვინაიდან იცოდა, რომ მის შვილს სწორედ ბაირამიდის გარემოცვის წევრები ემუქრებოდნენ. შვილის მოსაკითხად მისულ მამას კი ბაირამიდის დაჯგუფების წევრები ასევე სასტიკად გაუსწორდნენ.
თავად ვაჟა ტყებუჩავა ფოთის ნაგავსაყრელზე ადგილობრივებმა მძიმე დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.