19 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
საპირფარეშოები სენსორებზე, ხალხმრავლობის კონტროლი მაღაზიებსა და ტრანსპორტში - ექსპერტების რეკომენდაციები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

11 დღეში ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. მათ შორის, უნდა გაიხსნას დიდი სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები.

ეპიდემიოლოგები და ექსპერტები საუბრობენ, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საფრთხეები მინიმალური იყოს.

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით. 

"ქვეყნის გახსნას ვეთანხმები, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. როდესაც რამე საზოგადოებრივს ხსნი, პირველი, რაზეც უნდა იყოს ფოკუსირება, უნდა იფიქრო, სად არის ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. გავრცელების პირველი წყარო არის საპირფარეშო. ყველაფერი უნდა იყოს სენსორებზე, როგორც წყალი და ხელსახოცი უნდა იყოს ქაღალდის. ეპიდემიის კუთხით, ლილოს ბაზრობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, სითი მოლი. ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი,"-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს ადამიანების რაოდენობა დიდ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში და, ამასთან, გაიზარდოს PCR ტესტირებების რიცხვი. 

"ყოველი კვირის ბოლოს უნდა იქნეს სიტუაცია შესწავლილი, უნდა იყოს ძალიან კარგი მონიტორინგი. აუცილებელია  ტესტირების გაგრძელება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოხდეს. უკეთესი იქნებოდა, PCR ტესტირებების რაოდენობა გაზრდილიყო უფრო მეტად და ამით გაგვეკონტროლებინა ჩვენი სიტუაცია.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ვფიქრობ, საბავშვო ბაღებსა და დაწყებით კლასებში შეიძლება მოიხსნას რეგულაციები, რადგან ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია, განსაკუთრებით პატარებისთვის.

ამასთან, დიდი მაღაზიები შეიძლება გაიხსნას, მაგრამ იქაც კონტროლი უნდა გაგრძელდეს, თუ რამდენი ადამიანია დახურული სივრცის შიგნით. ამასთან, თუ ტრანსპორტი გაიხსნება, აუცილებელია კონტროლი, რომ ყველა იყოს პირბადით და აუცილებელია იმის კონტროლი, რომ შეივსოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ნახევარი,“-განაცხადა მან. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ შეზღუდვებს მოხსნის კვლადაკვალ ინფიცირებულების რაოდენობა მოიმატებს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ეს ზრდა ტრაგიკული არ იქნება. 

"ამ ინფექციას აქვს თავისი გავრცელების კანონზომიერება, ჯერ პიკის, შემდეგ დაკლების და მომატების კუთხით, ეს მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა. ამიტომ, ამა თუ იმ ინტერვენციას, რასაც ვახორციელებთ, ვზღუდავთ თუ ვუშვებთ, სწორად უნდა შევაფასოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივაში ეპიდემიის გაუარესებაზე.

ამდენი ჩაკეტილობის განცდა მუდმივ დაღლილობას იწვევს, რადგან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა საზოგადოებაში. ბევრი ადამიანის წერილი მომდის, სადაც ამბობენ, რომ თქვენ კი ცხოვრობთ, ექიმი ხართ, მაგრამ მე როგორ უნდა ვარჩინო ჩემი ოჯახი, როდესაც ყოველდღიურ შემოსავალზე ვარ, რადგან ქუჩაში რაღაც უნდა გავყიდო. ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ტიპის ტალღა გვექნება, მაგრამ ეს გადაიწევს, არ იქნება ისეთი ტრაგიკული,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები