გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას დაშვებული გამოუსწორებელი ხარვეზების გამო ორი კომპანია დაჯარიმდა. "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" და "იკორთა 2007"- ს, 12- 12 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მდგომარეობის გამოსწორებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა კომპანია იმუშავებს.
გელათის ტაძრის სახურავზე, რეაბილიტაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას დღეიდან ახალი კომპანია, "ბაგინეთი+" უზრუნველყოფს.
სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო გუშინ მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომპანიას საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს და ის ტაძრის გადახურვის სამუშაოებს თავს სრულყოფილად გაართმევს.
"ის კომპანია, რომელ კომპანიაზეც დღეს ვსაუბრობთ, რომ დაჯარიმდა, თავისი ე.წ. ბექგრაუნდით საკმაოდ გამოცდილია. 94 წლიდან მუშაობს. აქვს არაერთი ჯილდო მოპოვებული, მაგრამ ეს თავისი გამოცდილება, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა არაფერი. რატომღაც, კონკრეტული ხარვეზების გამოსწორების ღონისძიებები სწორად არ დაიგეგმა.
რაც შეეხება შემოსულ კომპანიას, ეს კომპანია არის "ბაგინეთი+", მისი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მუშაობდა სამხატვრო აკადემიასთან ერთად ნიკორწმინდის პროექტში, დღესდღეობით მუშაობს სათხის მონასტრის რეაბილიტაციაზე. ასე რომ ძალიან კვალიფიციური, ბევრ თემებში გამოცდილი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ამ ხარვეზების, დროებითი სახურავის, ელემენტარული ხარვეზების გამოსწორებისთვის მოგვიწია კომპანიის შეცვლა,“ - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
თავად კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისას დაშვებული ხარვეზების გამო დაჯარიმდნენ, ფინანსური სანქციებისა და პროცესიდან ჩამოშორების თაობაზე აქამდე ინფორმაცია არ ჰქონიათ.
როგორც ისინი "კურიერთან“ საუბარში განმარტავენ, ოფიციალურ წერილს ელოდებიან და განმარტებებს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.
"თუ საჭიროა, უნდა გადავიხადოთ რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ იქნება. როგორც ჩათვლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ისე უნდა გაკეთდეს, მე ვერაფერს ვერ გეტყვით,"- აცხადებს ”ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი, მაკა დვალიშვილი.
”ევროპა ჩვენი სახლიას” წევრი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მკლავში არსებული ორიგინალური მხატვრობა საფრთხის ქვეშ არის.
"ამ დროებითმა გადახურვამაც კი ვერ გაუძლო თოვლს და უფრო მეტია მოსალოდნელი, ზამთარში გელათი გამოირჩევა მძიმე კლიმატური პირობებით, შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ველოდებოდეთ უფრო უარესს,“ - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.