ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს. აღნიშნული კლინიკების აუცილებლობაზე კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა
"პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს. რამდენიმე ჩანასახი არსებობს, კერძო ინიციატივის სახით საქართველოში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ მძიმე დაავადება ან კრიტიკული სიტუაცია, ინტენსიურ თერაპიაში იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, მათზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული. ყველა ქვეყანას აქვს გზამკვლევი და გაიდლაინი, რამდენ ხანში უნდა მივიდეს ასეთი პაციენტი ისევ ექიმთან, რამდენ ხანში გაიმეოროს სისხლის ანალიზები, რამდენ ხანში გააკეთოს, თუ საჭიროა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. ქვეყანამ ამაზე უკვე უნდა იზრუნოს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ერი ვართ მსოფლიოში.
მე დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ინფექციური პათოლოგიების ცენტრი აპირებს, რომ გააკეთონ ასეთი ტიპის კვლევა 500 ადამიანზე, რაც ძალიან დამაიმედებელია და პირველი მინიშნება ჩვენ უკვე გვექნება, რა პრობლემები აქვთ ამ პაციენტებს, რა დაუტოვა კოვიდმა," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა და მოქლაქეებს, რომლებმაც მძიმედ გადაიტანეს კორონავირუსი, მოუწოდა, საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგი მიანდონ ექიმს.