უკვე მეორედ, გელათის ტაძარში წყალი ჩადის. ამჯერად, დროებითი გადახურვაც დაზიანდა.
"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია უკვე ჩამოშორებული არიან გელათის ტაძრის რეაბილიტაციას. ორივე დაჯარიმდა: 12-12 ათასი ლარით, თუმცა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლისთვის მიყენებული ზიანი ფასდაუდებელია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, უძველესი სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის, საერთო ჯამში, "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს," რომელიც კერძო კომპანიაა, მარტო ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამიდან 600 ათასი დოლარი, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ორ მილიონ ნახევარი ლარი აქვს აღებული.
ტაძარში ამბობენ, რომ საუკუნოვანი ფრესკები სახურავზე წარმოებულმა არაკომპეტენტურმა სამუშაოებმა იმსხვერპლა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კონტრაქტორებმა ხარვეზები არ გამოასწორეს.