ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ დაავადებულთა 20 %-ს აღენიშნება პოსტკოვიდური სინდრომი - ექიმის განმარტებით, დაავადება, სახელწოდებით პოსტკოვიდ-19 უკვე შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო რეესტრის მეათე გადასინჯვაში.
"პირველ რიგში არის სასუნთქი გზების სინდრომები, ანუ ეს სიმპტომები იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი ადვილად იღლება, ხშირად აქვს ქოშინი, ეს არის პირველი რიგის სიმპტომები, რადგან აზიანებს ფილტვის ქსოვილს.
შემდეგ არის ნერვული სისტემის აშლილობა, თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რაც გამოიხატება გულის არეში ტკივილით, წნევის ცვალებადობით, წნევის უეცარი ავარდნით, სისტემატურად.
მგრძნობელობით სისტემასაც აზიანებს, ძალიან ხშირად ადამიანს სუნი გაუქრება ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აღუდგება. ეს სიმპტომები 20 პროცენტში სამი თვე გრძელდება და უფრო ნაკლებ პროცენტში მეტხანსაც, რაც საჭიროებს მკურნალობას," - აღნიშნავს ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი.
დავით გადელია ამბობს, რომ პოსტკოვიდური სინდრომის მკურნალობას მოსახლეობა მარტო ვერ მოერევა და ამისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია.
"პრემიერთანაც ვთქვით, რომ აუცილებელი გახდება რეაბილიტაცია, მკურნალობის შემუშავება პოსტკოვიდური სინდრომის. პროგრამულად თუ არ იქნება, ცხადია, ყველას არ მიუწვდება ხელი თავისი ხარჯებით და ამავე დროს, ძალიან სერიოზული დაავადებაა. კაცობრიობა ჯერ არ ფიქრობს, როგორც მსოფლიოშია, ისეა ჩვენთან და ჯერჯერობით, არ არის, სპეციფიკურად პოსტკოვიდური მკურნალობა. პოსტკოვიდის მიმართულების შემუშავება აუცილებელია,"- აცხადებს გადელია.