გელათის სამონასტრო კომპლექსში მძიმე ტექნიკა დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა.
ამწემ მთავარი ტაძრის 22 მეტრის მკლავზე საშენი მასალა და დამატებითი კონსტრუქციები აიტანა.
უსაფრთხოების დაცვისთვის ხელოსნებთან ერთად პროცესში ალპინისტები მონაწილეობდნენ.
რამდენჯერმე დაზიანებულ და რეაბილიტირებულ ტაძარში ღვთისმსახურება არ გაჩერებულა.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და საუკუნეების ძეგლისთვის მიყენებული ზიანის გამო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ორი კომპანია დააჯარიმა. სამუშაო პროცესი ახლა "ბაგინეთი პლუსმა" გადაიბარა.
დაჯარიმების მიუხედავად, გაირკვა, რომ ტაძრის ბოლოს დასავლეთის დაზიანებულ მხარეს ისევ ის კომპანია გადახურავს, რომელმაც სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.
სახურავის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ახალი კომპანიის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრი პროცესში ინტერესთა კონფლიქტზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ტაძრის დროებითი გადახურვის ესკიზის ავტორი და კომპანია "ბაგინეთი პლუსის" დამფუძნებელი ერთი და იგივე პირია.
გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის ესკიზი საპროექტო ჯგუფმა "საქართველოს მემკვიდრეობამ" შეიმუშავა.