19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 

ლორთქიფანიძემ დეტალურად ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც სასამართლომ დაადგინა.

"სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში "საქართველო რუსეთის" წინაარმდეგ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება  მიიღო სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორიციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას, კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით.

სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქისა და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე არსებობდა რუსეთის სახელმწიფოს იურისდიქცია კონვენციის გაგებით და, შესაბამისად, რუსეთს ეკისრება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლს (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა), მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს - საკუთრების უფლება. 

დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ძალებმა ცხინვალში დაახლოებით 10 და 27 აგვისტოს შორის დააკავეს, ექცეოდნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ, კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის. 

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არსებობდა ადმინისტრაციული მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებთან მიმართებით. მათ მიმართ განხორციელდა დამამცირებელი მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია მათი ტანჯვა და, შესაბამისად, სასამართლომ ეს ქმედებები მიიჩნია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება ქმნიდა კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) საწინააღმდეგო ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ცხინვალში 2008 წლის 8-17 აგვისტოს შუალედში სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ განხორციელდა წამება და ისინი იყვნენ წამების მსხვერპლნი. შესაბამისად, რუსეთი ქმნიდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგოდ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ხელი შეუშალეს, დაბრუნებულიყვნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მოექცნენ რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ.

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა ადმინისტრაციული პრაქტიკა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) საწინააღმდეგოდ, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დაბრუნება," - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

 

დღის ამბები