19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
შეზღუდვები და ბიზნესი - სექტორის ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა 

ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის მფლობელი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. შალვა ალავერდაშვილისთვის ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე შეზღუდვების წერტილოვანი შემსუბუქება შერჩევითია. სასტუმროების მფლობელი ფიქრობს, რომ თუ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება ეძლევათ, ხელისუფლებამ ბიზნესის სხვა სექტორიც ანალოგიურ პირობებში უნდა ჩააყენოს.

რეგულაციების შემსუბუქების გეგმაში მოხვედრის მოლოდინი ჰქონდათ რესტორნების წარმომადგენლებსაც. ახლა მუშაობის უფლების მიღებასთან ერთად ხელისუფლებისგან ისინი დახმარებასაც ითხოვენ. 

სტატისტიკის სტაბილიზაციის ფონზე დღევანდელი გადაწყვეტილება გაუმართლებლად მიაჩნიათ სეზონურად მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებსაც. სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის შემთხვევაში, სექტორში მომუშავეები სრულ მზადყოფნას აცხადებენ, დაიცვან ყველა სახელმწიფო მოთხოვნა თუ რეგულაცია. 

რეგულაციების შემსუბუქებას დრამატულად მნიშვნელოვანად აღიქვამს ის ბიზნესსექტორი, რომელიც საქართველოს გამყვან ტურიზმს წარმოადგენს. ფიქრობენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად სახმელეთო საზღვარიც უნდა გაიხსნას. მუშაობის უფლების მიღებას ელოდებოდნენ ფიტნესსექტორშიც. 

უკმაყოფილოები არიან იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც, რომლებსაც წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნა შეეხოთ. სავაჭრო ობიექტებისა და მოლების ადმინისტრაციებში ფიქრობენ, რომ მათი სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საქმიანობა უქმე დღეებშიც შეეძლოთ. ითხოვენ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვების გაუქმებას და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასაც.

დღის ამბები