ბათუმში ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და შერჩევით სამართალზე საუბრობენ.
აქციას აჭარის მთავარ სამმართველოსთან "ალტერნატივას" აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მართავენ.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელი ირაკლი ფანგანი პოლიციამ ბათუმში დღეს დააკავა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, ნაგავი მიაყარა.
მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, 156-ე - დევნა და 239-ე - ხულიგნობა.