19 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ბათუმში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გათავისუფლდა - პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ერთ პირს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით ბრალი წარუდგინა.

"პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები