19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა - ევროპელი პარლამენტარები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი დიდი ბრიტანეთიდან ჯონ ჰოუველი აცხადებს, რომ ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების შელახვის საკითხთან დაკავშირებით, საქმეების ძირითადი ნაწილი ორ ქვეყანაზე მოდის, ესენია თურქეთი და რუსეთი.

"ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების შელახვის საკითხთან დაკავშირებით, საქმეების ძირითადი ნაწილი ორ ქვეყანაზე მოდის, ესენია თურქეთი და რუსეთი. ამ საქმეების უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავს. თითოეული მათგანი აღსრულების მოლოდინშია, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს აქვს წინადადება გადავხედოთ საქმეებს და პროცენტულად აღვნიშნოთ, რა ნაწილია ამ საქმეებიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინში. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დასაცავად და ასეთ ქვეყნებთან მიმართებაში შემოვიღოთ სანქციები. რათა ხელი შევუწყოთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას,"-აღნიშნა ჯონ ჰოუველმა.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მომხსენებელი, ბელგიელი დეპუტატი ტინი კოქსი აცხადებს, რომ 47 სახელმწიფო მოქცეულია ერთი სასამართლოს იურისდიქციაში. ეს უნიკალური სამართლებრივი სისტემაა, რომელსაც პლანეტაზე ანალოგი არ გააჩნია.

"გამოსვლას რამდენიმე ზოგადი განცხადებით დავიწყებ. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო ევროპის სასამართლოს უნიკალურ სტრუქტურაზე, 47 სახელმწიფო მოქცეულია ერთი სასამართლოს იურისდიქციაში. ეს უნიკალური სამართლებრივი სისტემაა, რომელსაც პლანეტაზე ანალოგი არ გააჩნია. ეს კიდევ უფრო ეხმარება ევროპას იყოს ერთიანი, თუმცა ჯერ კიდევ სისტემას სჭირდება მოდიფიცირება, რადგან სასამართლოს ფუნქციონირებიდან ჯერ კიდევ არსებობს საქმეები, რომლებიც აღსრულებული არ არის, ასეთი დღემდე 5000 საქმეა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ხარვეზია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კაბალის საქმე, რომელიც ამ დრომდე, თურქულ მხარეს არ აღუსრულებია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა გვიბიძგებს მოქმედებისკენ. თურქეთმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს,"- აცხადებს ტინი კოქსი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი საფრანგეთიდან ანდრე ვალინი აცხადებს, რომ რთულია იმის დაჯერება, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად შეასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას.

"სამწუხაროა, როცა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს, წევრი ქვეყნები არ იზიარებენ, მათ შორის არის რუსეთი, რომელიც ვენის კონვენციის რატიფიცირებას დღემდ არ ახდენს. პრობლემას რუსეთის კონსტიტუციური ცვლილებები წარმოადგენს. - აცხადებს ვალინი. 

დეპუტატი ალექსანდრ მერეჟკო აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ორ კატეგორიად იყოფა ადამიანების უფლებების კუთხით.

"ჩვენ შეგვიძლია, ყველა ქვეყანა დავყოთ ორ კატეგორიად ადამიანის უფლებებს მიმართ მათი დამოკიდებულების მიხედვით. პირველი კატეგორიაში შედიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, ადამიანის უფლებების დაცვას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას იმ სირთულეებისა და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, რომლებიც შესაძლოა, მათ წინაშე არსებობდეს. ასევე, არსებობს ქვეყნების მეორე კატეგორია, რომლებიც აღვივებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ უნდობლობას, გამუდმებით ცდილობენ, მოძებნონ საბაბი, რომ თავი აარიდონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

ასეთი ქვეყნების უკანასკნელი კატეგორიის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, რომელმაც შექმნა შიდა სამართლებრივი მექანიზმი თავისი კონსტიტუციის შეცვლით. ეს ცვლილება მიმართულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების უგულებელყოფისკენ, რომლებიც რუსეთის ავტორიტეტულ რეჟიმს არ მოსწონს.

რუსეთის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, უკიდურესად გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებებს. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო არენაზე ადასტურებს იდეას, რომ ქვეყანა, რომელიც არღვევს საკუთარი ხალხის უფლებებს, უდაოდ უგულვებელჰყოფს საერთაშორისო სამართალსაც და იქნება აგრესიული თავისი მეზობლების მიმართ. პრობლემა მდგომარეობს უზარმაზარ მოთმინებაში, რომლის შედეგადაც რუსეთის მხრიდან სერიოზული დარღვევების შემწყნარებლობა გრძელდება. ამ ჩიხიდან გასასვლელად უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა,"- განაცხადა ალექსანდრ მერეჟკომ.

დღის ამბები