19 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს" - ჯანმოს მოთხოვნას პარლამენტი კანონში ასახავს

"სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე," -  ეს არის ჩანაწერი, რომელიც დღეს პარლამენტმა კანონში უნდა შეიტანოს. იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვიდეს, ჯანმო საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, საკითხი კანონში უნდა გაიწეროს. რამდენიმე წუთში ცვლილება რიგ გარეშე სესიაზე გავა, რომელსაც კენჭს უყრიან.

"ყველა ეს ვაქცინა თუ წამალი, რომელიც არის ოფიციალურ მიმოქცევაში საქართველოს ტერიტორიაზე, რეგულირდება ჯანდაცვის შესახებ კანონით. ეს ამ შემთხვევაში მოიაზრებს ამა, თუ იმ წამლის ვაქცინის ჩათვლით მართვაზე, გართულებებზე და შედეგებზე პასუხისმგებლობის განაწილებას.

ეს უკვე მოქმედი არის ყველა სხვა ვაქცინასთან მიმართებაში, რომელიც ახლა, დღეის მდგომარეობით გამოიყენება. საქართველოში კოვიდვაქცინა ახალია, ამიტომ მისი შესაბამისი იგივე რეგულაციები და პასუხისმგებლობის განაწილებები ჩაიწერება კანონში," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სახელმწიფო იმ შემთხვევაში არ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ შესაძლო ხარვეზი მწარმოებლის, მედპერსონალის ან კლინიკის შეცდომით იქნება გამოწვეული.

"განვიხილავთ სესიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარი ზიანის პასუხისმგებლობის განაწილებას სახელმწიფოს მხრიდან, თუ არ არის ზიანი გამოწვეული კლინიკის, მედ პერსონალის, მწარმოებლის ან იმპორტიორის შეცდომის მიერ. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს აქვს შესაძლო გვერდითი მოვლენები, ისე რომ ეს არ არის ახალი. მაგრამ რადგან კალენდარულ აცრებში არ მოიაზრება კოვიდვაქცინა, ამიტომ, დროებითი ნორმა რომ იყოს საკანონმდებლო დონეზე, ეს არის აუცილებელი. ეს მოთხოვნა აქვს მწარმოებლებსაც, ეს მოთხოვნა აქვს "კოვაქს" პლატფორმასაც," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღებას  გულისხმობს. 

საკითხის შესახებ დღეს პირველი მოსმენა გაიმართება. დეპუტატები ცვლილებებს უკვე ხვალ, მესამე მოსმენით დაუჭერენ მხარს. 

ქვეყანა ვაქცინის მიღებას თებერვლის მეორე ნახევარში ან მარტის დასაწყისში ელოდება. 

დღის ამბები