გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ არც ერთი მათგანი მეცნიერულ საქმიანობას არ ეწევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი იყვნენ ექსპერტების ფორმით ჩართულები კომისიაში.
ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები.
"კომისიის საქმიანობა, რომლის მიზანია საზღვრის დაკონკრეტება და დელიმიტაცია-დემარკაცია, გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების ჩართულობას. კარტოგრაფიული მიმართულება, მიუხედავად იმისა, ივერი მელაშვილი არ არის კარტოგრაფი, ის არის მიწათამზომველი განათლებით და ამაში ძალიან დიდი სხვაობაა, უფრო მეტიც, არც ერთი ბრალდებული არ ეწევა მეცნიერულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მეცნიერებად მოიხსენიებს. ამ ყველაფერის მიუხედავად, ისინი იყვნენ ექსპერტების ფორმით ჩართულები კომისიაში, უფრო მეტიც, ისინი ურთიერთობდნენ მეორე მხარესთან, განსაკუთრებით ივერი მელაშვილი და თავად რუკების შედგენა, კარტოგრაფიული სამუშაო, ფაქტობრივად, სრულად იყო მინდობილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი.
ამასთან ერთად, გავიხსენოთ ის ფარული ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა ჩვენ მიერ, სადაც ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ აზერბაიჯანელი მხარის ექსპერტებისგან განსხვავებით, საქართველოს მხარის ექსპერტებს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ სხვადასხვა რუკებზე მუშაობის დროს.
ფაქტობრივად, ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, რომ კომისიის საქმიანობის პირობებში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის შეთანხმება, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმიანობის კარტოგრაფიული კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა. ეს აადვილებდა მათი მხრიდან ზემდგომი თანამდებობის პირების უკანონო ბრძანებების შესრულებას. მათი დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მათ შეასრულეს ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებები და დღეს ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის, რომელიც ისტორიულად და კარტოგრაფიული დოკუმენტალური მტკიცებულებით, რეალურად არის საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, მიკუთვნებულია კომისიების საქმიანობის დონეზე აზერბაიჯანული მხარისთვის," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.