19 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
რთულია ეპიდემიოლოგებისთვის იმის აღქმა, დღეს რა მდგომარეობაშია ბიზნესი - შოთა ბურჯანაძე

რესტორნების პროტესტი - 200-მდე დაწესებულებამ ონლაინ და გატანის სერვისზე მუშაობა 24 საათით შეაჩერა, ამ ფორმით სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება პრობლემებს არასათანადოდ აფასებს. მოთხოვნებს მთავრობის კანცელარიასთან, სამ საათზე კიდევ ერთხელ გააჟღერებენ, სადაც საპროტესტო აქციაც გაიმართება.

რესტორატორი მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება სწორედ ახლა არის საჭირო.

"ასეთი უსუსურობის განცდა არასოდეს მქონია. ახლა არის ფორსმაჟორი, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა ჩაკეტოს და ჩვენ ველით მათგან დირექტივას როგორ მოვიქცეთ, როგორ გადავრჩეთ. მოგვაქციოს სახელმწიფომ ყურადღება, სხვა დროს, როგორც მოქალაქეს ამაზე მეტად როდის უნდა დამჭირდეს მთავრობა? ვართ დარჩენილი უსახსროდ, ბანკები გვახრჩობენ და აქაც არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემს,"- აღნიშნა მერიკო გუბელაძემ.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგებს მდგომარეობის სირთულის აღქმა უჭირთ.

"რთულია ეპიდემიოლოგებისთვის იმის აღქმა, დღეს რა მდგომარეობაშია ბიზნესი. მათი დამოკიდებულება არის, რომ ბიზნესი ამას გადაიტანს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ ამ ბიზნესების უკან 250 000 ადამიანი დგას, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ. მე არცერთი სიტყვის ამირან გამყრელიძის და იმნაძის არ მჯერა, ისინი აბსურდში არიან და შეფასებებს ისე აკეთებენ, რაც დაესიზმრებათ, რომ დილით გამოაცხადონ,"- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

დღის ამბები