როგორ მოქმედებენ კოვიდვაქცინები COVID-19-ის წინააღმდეგ, ამის შესახებ ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა "კურიერთან" ისაუბრა და ვაქცინის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი განმარტა
"გრიპის, ან პოლიომიელიტის ვაქცინა მოიცავს თვითონ ინფექციის გამომწვევის დასუსტებულ ვარიანტებს, რომელიც ორგანიზმში შეჰყავთ და შემდგომ მის წინააღმდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ამ შემთხვევაში, როდესაც მესენჯერული RNA-ია, მხოლოდ და მხოლოდ ცილის პატარა ფრაგმენტი შეჰყავთ და ის ცილა, რომელსაც ორგანიზმი რეალურად ამოიცნობს. როგორც, მაგალითად, ჩვენ ადამიანს სახეზე რომ შევხედავთ და ვიცნობთ, რომ ეს არის კონკრეტული ადამიანი, დაახლოებით ასე. ანუ, მხოლოდ სახის სურათი რომ მივცეთ და თვითონ ადამიანი არ დაინახოს, დაახლოებით ასეთი მექანიზმით ახერხებს ორგანიზმი ამ ვირუსის გამოცნობას და მის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას", - აცხადებს ინფექციონისტი ოთარ ჩოკოშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა. ეროვნული გეგმის მიხედვით, თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი და რისკ-ჯგუფები აიცრებიან. Pfizer-ის შემდგომ კი ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა.