17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რუსული ინტერესის გატარებაში სდებს ბრალს

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რუსული ინტერესის გატარებაში სდებს ბრალს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ დავით გარეჯის საქმის იმ ფორმით გააქტიურება, რა ფორმითაც ეს დღეს ქვეყანაშია, კრემლის პოლიტიკის ნაწილია.

ოპოზიციას არ მოსწონს, როდესაც საქართველოს მთავრობა სინქრონულად მიჰყვება ხაზს, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა რეგიონში საკუთარი მიზნებისთვის ავლებს.

"ამ საკითხის ასეთი სახით წამოწევა ერთადერთი ვისაც აწყობს არის რუსეთი და იმიტომ, რომ ამ პირობებში და ახლახან განვითარებული მოვლენების გამო ყარაბაღში, რა თქმა უნდა, რუსეთი განაგრძობს ამ პოლიტიკის გატარებას და სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება სინქრონულად აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც რუსეთის შემადგენელი ნაწილია," – განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა დამენიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე რუკა, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის საკითხს საბოლოოდ სამართლებრივად გადაწყვეტდა, მაშინ უნდა გასცეს პასუხის კითხვას თუ რატომ არ იყენებდა რუკას ამ წლების განმავლობაში.

"მაშინ უნდა გასცეს პასუხი იმას მთელი ამ თვეების განმავლობაში ოდნავ მაინც თუ წავიწიეთ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში წინ და თუ ეს ასე არ არის და ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მაშინ რა ხდება, ხდება ის, რომ ამ თემას უბრალოდ შიდა მოხმარებისთვის იყენებენ და უბრალოდ შიდა პროპაგანდას აწარმოებენ, თითქოს ისინი არიან სამშობლოს დამცველები  და სხვები არა," -  აცხადებს ნიკა ობოლაძე.

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის საბა ბუაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" თავად მოახდინა გარეჯის საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის წინ წამოწევა, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხით სპეკულირება დაიწყო.

""ქართულმა ოცნებამ" თავად მოახდინა ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისათვის წინ წამოწევა და გამოყენება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეთითხნა ერთი საქმე და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხით სპეკულირება დაიწყო და ეს ძალიან ბინძური და სამარცხვინო კამპანია ააგორა.

თითქოს ვინმე დაობდეს, რომ გარეჯი არის საქართველოს სულიერების და სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილი," - აცხადებს საბა ბუაძე.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება საქართველოს ინტერესებს აზიანებს.

"ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლებას, ოპოზიციას, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს, აქ ყველა ერთად უნდა იდგეს და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები