17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
"ქართული ოცნება" ეძებს საბაბს, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება - აკაკი ბობოხიძე

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების პროცესის გაჭიანურებით ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში ოპოზიციის შესვლა ვაჭრობის თემად აქციოს.

"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია "გირჩის" პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ითხოვს, რომ ოპოზიციას მათივე ნების საწინააღმდეგოდ, მანდატები არ გაუუქმოს:

"მე ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნება" ეძებს საბაბს, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის კიდევ ხელახალი დარღვევა. გასაკვირია "გირჩის" პოზიცია, მე მახსოვს, რომ ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება იმიტომ რომ მათი სხეული მათ ეკუთვნით და და თვითონ წყვეტენ, რა უქნან და რა არ უქნან. დღეს მოწოდებას უკეთებენ "ქართულ ოცნებას", რომ ზრდასრული ადამიანების, პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, რომელთაც ჰყოფნით გამბედაობა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყნის ბედ-იღბალზე, იმათი ნების გარეშე არ მოუხსნან თურმე უფლებამოსილება," - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მანდატების გაუქმების მოთხოვნა მთელი სერიოზულობით იყო დაყენებული და "ქართული ოცნება" კი ისევ ცდილობს რომ ვაჭრობით იყოს დაკავებული ოპოზიციასთან:

"ქართულმა ოცნებამ" გაწელა ეს პროცესი და მთელი ეს პერიოდი არ გამოიყენა იმისათვის, რომ მომხდარიყო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რაც ნამდვილად არის სამწუხარო, ახლა ჩვენ ხელისუფლებასთან ამ ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, როცა მანდატების გაუქმების მოთხოვნა წავუყენეთ, ეს იყო სრული სერიოზულობით გაკეთებული განაცხადი და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" ისევ ცდილობს რომ ვაჭრობით იყოს დაკავებული ოპოზიციასთან და პარალელურად ცდილობდეს ხელის გადაგრეხას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისათვის," - განაცხადა საბა აბუაძემ.

"ლეიბორისტების" ლიდერი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებს მდგომარეობის შელამაზებას:

"ცდილობენ ყველანაირად გადაწიონ ეს, მაგრამ პატრონმა მალა და ჭირმა თავი არ დამალაო. არ ვართ პარლამენტში, ეს იცის მსოფლიომ და ვერანაირი მანიპულაციით ვერ მოახერხებენ მდგომარეობის შელამაზებას. განცხადება მაქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ექვემდებარება დაკმაყოფილებას და არცერთ შემთხვევაში გაწელვას, გადავადებას და მით უფრო ბატონი იაგოს შუამდგომლობა კენჭისყრის იქით გადატანას. ეს ყველაფერი თავის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯებია, რეჟიმისა, რომელსაც არ უნდა საბოლოოდ გაკოტრდეს მთელი მსოფლიოს თვალში," - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები