დავით გარეჯის საქმეზე ოპოზიციური პარტიები ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოებაში დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადანაშაულა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე კამპანია იმ გეგმის ნაწილად დაასახელა, რომლის მიზანიც, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს ისტორიული ნაწილის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრაა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გამოიყენა.
პრემიერი კი, პოლიტიკოსებს გარეჯის საქმეზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
დავით გარეჯის საკითხი ურთიერთბრალდებების მიზეზი გამოძიების დაწყებიდან მალევე გახდა. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს საზღვრის საკითხის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ.