საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება - ამ წუთებში პროკურატურაში მალხაზ მიქელაძე მივიდა. საზღვრის სადემარკაციო კომისიის მოქმედი წევრი ერთ-ერთი ფიგურანტია იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც გამოძიებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მიქელაძე კომისიას 2005 წელს ხელმძღვანელობდა.
როგორც მიქელაძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ფარული ჩანაწერი ვერ ამტკიცებს ვინმეს ბრალეულობას. მისი ინტერესების დამცველის თქმით, მიქელაძე დაბარებული არის პროკურორების მხრიდან როგორც მოწმე. შეიძლება თუ არა, მალხაზ მიქელაძეს სტატუსი შეეცვალოს, ამას მისი უფლებადამცველი არ ადასტურებს.
ივერი მელაშვილი მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხთან დაკავშირებით არ საუბრობს. მისი ადვოკატის განცხადებით კი, ვერც ერთი მოწმის სტატუსით გამოკითხული პირი და ვერც საქმეში არსებული მასალები ვერ დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას.
"არ ვიცი დამატებით რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ბნელ ოთახში შავ კატას ვერავინ დაიჭერს, მით უმეტეს, თუ იქ შავი კატა არ არის. ეს ცნობილი სიტყვები მიესადაგება ამ სიტუაციას. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, გინდ მალხაზ მიქელაძე დაკითხონ, გინდ გოგი მანჯგალაძე და გინდაც ივერი მელაშვილი. ფარული ჩანაწერიდან არავითარ დავალებაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ კომისიაში იყო მსჯელობა თუ როგორ უნდა მომხდარიყო საზღვრის შეთანხმება კონკრეტულ მეექვსე მონაკვეთზე, რომელიც, როგორც ივერი მელაშვილი აღნიშნავს, გოგის არ ჰქონდა ნანახი. მეექვსე მონაკვეთზე საუბრისას ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე ჩვენ მოცვლას ვთავაზობდით აზერბაიჯანის ხელისუფლებას," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში უკვე მესამედ იმყოფება გამოკითხვაზე.