17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მანდატების საკითხის გადადება რეალობას არ შეცვლი

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მანდატების ჩამორთმევაზე უარს იტყვის. თუმცა, პარტიებში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ ის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას არ ეხება მათთვის მიუღებელია. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ უმრავლესობა მანდატების საკითხს კვლავ გადადებს ეს რეალობას არ შეცვლის. მისი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენ დეპუტატს "შეიტყუებენ" პარლამენტში, რადგან ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.

"აპირებენ, რომ კვლავ გადადონ მანდატების საკითხი, თუმცა ეს რეალობას არ შეცვლის. ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს ჩვენ მიღებული მიუხედავად იმისა თუ რამდენი დეპუტატი შეიტყუეს ან ვერ შეიტყუეს პარლამენტში და შესაბამისად, რაც მალე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას უკეთესია იმიტომ, რომ თუ "ქართული ოცნება" არ არის მზად იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას გააჩნია, რამდენი ხანი გაიწელება ეს პროცესი ამას მნიშვნელობა არ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენს გეგმებში "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილიც იგივე მოსაზრებაზეა და აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" დღეს არ შეუწყვეტს იმ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილებას, მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება პარლამენტში ადამიანის "შეთრევით" ვაჭრობის გაგრძელების. 

"თუ დღეს არ მოხდება კანონის შესრულება და არ შეუწყვეტენ იმ ადამიანებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, ვისაც არ უნდა, რომ პარლამენტის წევრი იყოს და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინოს, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა პარლამენტში ადამიანების შეთრევით," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"გირჩში" ფიქრობენ, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში მოლაპარაკება მმართველ გუნდთან აზრს დაკარგავს.

"მივიჩნევთ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან არის შეთანხმება და  მანდატების გაუქმება შინაარსობრივად ნიშნავს მოლაპარაკების დასრულებას და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს, რადგან იმედი გვაქს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი იყოს მიღწეული შეთანხმება, მეტიც რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ მათ ასევე სურთ შეთანხმებას მიაღწიონ, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ თუ ირიბად ისინიც მხარს უჭერენ, რომ მანდატები არ იყოს გაუქმებული," – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მანდატები კომპრომისის მოსაძებნად და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად სჭირდებათ.

"თუ არ შეწყვეტა ჩვენთვის არის გზავნილი, რომ ხელისუფლება მზად არის კომპრომისისთვის, მოლაპარაკებისთვის და ჩვენს მზაობას "სტრატეგია აღმაშენებელი" კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. თუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ ამ მიტაცებული არჩევნების ფონზე ერთი მილიონი ადამიანის წარმომადგენლობით გამოსახულ ოპოზიციას შეუწყვიტოს მანდატები, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის და "ქართული ოცნებისთვის". ჩვენ ეს მანდატები და ეს პროცესი გვჭირდება იმისთვის, რომ მხარეებმა შეძლონ კომპრომისის გამონახვა ამ ეტაპზე და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში ეს პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები