ჩხოროწყუში გამოკითხვები გრძელდება, სადაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტს არკვევენ. საუბარია არასრულწლოვნების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავებაზე.
ჩხოროწყუს მერია სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც სოციალურ ქსელში ბავშვების შრომის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
არასრულწლოვნების იძულების ფაქტზე რეაგირების პირობა დადო პრემიერმაც, საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბრობს ქალაქის მერიც.
როგორც დავით გოგუა აცხადებს, ბავშვები, რომლებიც მერიისა და საკრებულოს შენობაში იყვნენ მისულები, შენობის დასასუფთავებლად, მშობლების და სოციალური მუშაკის თანდასწრებით იკითხებიან.
"არაფერ შუაში არ არის ამ ინციდენტთან თბილისში ჩემი ჩამოსვლა, იმიტომ რომ მე ისეთ დროს ვიყავი თბილისში რომ მარტო ოჯახში ვიყავი, მეტი არსად. პირველ რიგში იკითხებიან ბავშვები რა თქმა უნდა, მშობლების თანდასწრებით და სოც მუშაკის თანდასწრებით. ამის შემდეგ უნდა გამოკითხონ მასწავლებლები. დირექტორი უკვე დაკითხულია და რა თქმა უნდა, მთავარი ფიგურანტი, ვინც წამოიყვანა ეს ბავშვები. ამის მერე რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაქცევით, ხვალ ან ზეგ ჩვენს თანამშრომლებსაც, დაცვის თანამშრომლებსაც და პირადად მეც მზად ვარ რომ ყველანაირად ჩავერთო," - განაცხადა დავით გოგუამ.
რაც შეეხებათ თავად სკოლის მოსწავლეების მშობლებს, ისინი ამბობენ, რომ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათი შვილები დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ და ეს იძულებითი ფაქტი არ ყოფილა.