19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი - ჩხოროწყუს მერი მოსწავლეების მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე

ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეების მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე გამოკითხვები გრძელდება. ჩხოროწყუს მერია სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც სოციალურ ქსელში ბავშვების შრომის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ის და მერიის სხვა თანამშრომლები მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ყველა კითხვას პასუხი გასცენ.

აქვე, დავით გოგია ამბობს, რომ პრემიერის პოზიციას სრულად ეთანხმება.

"ადეკვატური იყო პრემიერის შეფასება. როცა ბავშვებს ეხება საქმე, ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და მით უმეტეს, როცა გარდამტეხ ასაკში არიან ბავშვები, მათთვის ესეთი სულიერი ტრავმაც არის შოკისმომგვრელი და აქედან გამომდინარე, მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი. არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ნებისმიერ ის კითხვა, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, ბოლომდე მივიყვანთ. ასე რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. ნებისმიერი ადამიანი გამოიკითხება, ვისაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით გოგუამ.

ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ჯალაღონიას ინფორმაციით, გამოკითხულები არიან როგორც მოსწავლეები, ასევე რამდენიმე მასწავლებელი და სკოლის დირექტორიც.

"მე ვიცი, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. დაიკითხა ყველა, მაგრამ რა ინტენსივობით, ეს ინფორმაცია არ მაქვს. უცხო პირის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა და ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა, არათუ საპირფარეშოების დასალაგებლად მერიაში, პანდემიის პირობებში კი არა, ყვავილების დასაკრეფად რომ წავიყვანოთ ბავშვები, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში დირექცია, რესურსცენტრი, მშობლები," - ამბობს ლია ჯალაღონია.

 

დღის ამბები