ქართულ რაგბში დაპირისპირება გრძელდება. რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამგეობის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზეა საუბარი და კონკრეტული თარიღია მითითებული.
განცხადებაში წერია, რომ "საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით, 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე ავჭალის რაგბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით: რაგბის კავშირის გამგეობის ანგარიში, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისთვის წარდგენა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა."
გადაწყვეტილებას ირაკლი აბუსერიძის გუნდის პროტესტი მოყვა, სადაც განმარტავენ, რომ არჩევნების დანიშვნა უკანონოდ მოხდა. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არალეგიტიმურია. ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები აქციას აანონსებენ და ამბობენ, რომ 4 თებერვალს იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან.
"იუსტიციის სამინისტრომ ახალი პრეზიდენტის არჩევა სრულიად დაუსაბუთებლად დაახარვეზა. პასუხის მიღებამდე სრულიად უკანონოდ, ჩუმად და სამარცხვინოდ. საქართველოს რაგბის კავშირის იურიდიული სამსახურის და გამგეობის თავმჯდომარის გარეშე, შეიკრიბა ძველი აწ უკვე არალეგიტიმური გამგეობის ნაწილი და ახალი დე-ფაქტო არჩევნები ჩანიშნა. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, რომ პირადად და დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საქმით,“ - ამბობს ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბაჩო ხურციძე იმ მიზეზებს განმარტავს, რატომ მოხდა 24 თებერვალს გამგეობის ყრილობის ჩანიშვნა.
"გამგეობის ყრილობა ჩანიშნულია 24-ში და პასუხი საჩივარზე მათ უნდა მიიღონ მანამდე. შესაბამისად, თუ ისინი დარეგისტრირდებიან, ამ ყრილობას უკვე აზრი დაეკარგება. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო. მოხდა იმიტომ რომ მორიგი საარჩევნო ყრილობის ბოლო ვადა იყო 25 თებერვალი. რომ არ დაკარგულიყო დრო, რომ არ დამთხვეოდა მერე უკვე ყრილობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს მარტში. ამიტომ დანიშნა გამგეობამ და ვფიქრობ, ეს იყო ერთადერთი სწორი გზა,“ - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი