17 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები თავმჯდომარის ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები თავმჯდომარის ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან. არჩილ თალაკვაძე გასულ წელს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. პლენარულ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპკორპუსი დაესწრება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პლენარული სხდომის დაწყებამდე იმ განსაკუთრებულ პროექტებზე საუბრობს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტმა იმუშავა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს პროექტებია საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით გატარებული ცვლილებები და ასევე ცვლილებები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს უკავშირდება.

"მე შემიძლია გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტმა იმუშავა, ეს არის უპირველეს ყოვლისა საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად; ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით გატარებულ ცვლილებებს, იცით, რომ ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა იქნა შემოღებული მსხვერპლთა დაცვის თვალსაზრისით და ესეც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო; ასევე აღსანიშნავია საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ცვლილებები," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ წინა წელს პარლამენტმა მუშაობის დაწყებისთანავე შეიმუშავა 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც სრულყოფილად იქნა სისრულეში მოყვანილი.

"წლის დასაწყისშივე შარშან პარლამენტმა შეიმუშავა 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტისთვის და ეს 10 პუნქტიანი გეგმა იქნა შესრულებული. ბევრ მათგანზე მუშაობა ახლაც გრძელდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაზეც მუშაობა გაგრძელდება წელსაც ეს არის საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან ისე, რომ მართლაც 2024 წელს საქართველოს შეეძლოს ძალიან თამამად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე," - აცხადებს სოზარ სუბარი.

პლენარულ სხდომას პრემიერიც დაესწრება. 

დღის ამბები