პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას პარლამენტის ტრიბუნიდან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ, ამჯერად საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დადასტურდა ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს კონტროლს და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სწორედ მას ეკისრება.
დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული და დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ღირებულებათა სისტემის მიმართ, რომელშიც სამართლიანობა განუხრელად არის დაცული და ეს არ არის მხოლოდ დიდი სახელმწიფოების პრივილეგია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რომელიც საქართველომ მშვიდობით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით უნდა გაიაროს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.