17 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
არ მჯერა, რომ "ოცნებამ" გაყალბების ყველა კვალი წაშალა, უფრო იმის მჯერა, რომ ოპოზიციაში ცუდი შერლოკ ჰოლმსები გვყავს და კვალის აღმოჩენა არ შეუძლიათ - ვახტანგ მეგრელიშვილი

არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ოპიზიციის წევრები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ისინი არ აპირებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.

"აბსურდის თეატრია. ცდილობენ უკვე არსებული პოლიტიკური რეალობაც გააყალბონ ამით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ ფარსში მონაწილეობის მიღებას, მით უფრო, როდესაც არჩევნების დღიდან ჩვენ, დაახლოებით, 700-ზე მეტი საჩივარი გვქონდა, სადაც ვითხოვდით არჩევნების შედეგების ბათილობას ცალკეულ უბნებში, ან გადათვლას. გვქონდა დაახლოებით 80-მდე სასამართლოს სარჩელი და არცერთ შემთხვევაში არცერთი სარჩელი არ განიხილეს და ახლა უკვე 2 და 3 თვის თავზე გადაწერილი არჩევნების გამოძიებას, ბუნებრივია, არანაირი აზრი არ აქვს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

"გირჩის" ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით კი, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

"მინდა ეგ კომისია შეიქმნას. ჩავიხედოთ იმ დოკუმენტებში, რომელიც აღმოვაჩინეთ, როგორც გაყალბების მტკიცებულებები. 

60 კაცი, რომელსაც აქვს, ფაქტობრივად, სასამართლო ფუნქცია, არის პარლამენტში, შეუძლია გამოიძიოს დანაშაული და დასაჯოს თავისი პოლიტიკური ოპონენტი და ამას არ იყენებს, ეს ჩემში აჩენს ეჭვს. მე არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" ისეთი კომპეტენტურია, რომ მას შეეძლო ისეთი მასშტაბური გაყალბების პროექტი ისე ჩაეტარებინა, რომ წაეშალა ყველა დანაშაულის კვალი. მე ამის არ მჯერა, მე უფრო იმის მჯერა, რომ ჩვენ ისეთი ცუდი შერლოკ ჰოლმსები გვყავს ოპოზიციაში, რომ ამ კვალის აღმოჩენა მათ არ შეუძლიათ და ეშინიათ, რომ ჩაფლავდებიან," - აღნიშნა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ლელოს" წევრ გრიგოლ გეგელიას განმარტებით კი, ინიციატივა მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი ხრიკია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

"ისინი თვლიან, რომ ამ მარტივი ხრიკებით, როგორიც არის საგამოძიებო კომისია, შეძლებენ, რომ შეიტყუონ ოპოზიცია პარლამენტში. მათ უნდათ, რომ ცალი ფეხით მაინც ოპოზიცია შეტყუებულ იქნას პარლამენტში, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ლეგიტიმაცია და შემდეგ შეეძლოთ თქვან, რომ აი, მრავალპარტიული პარლამენტი მუშაობს.

ჩვენ შევალთ ისეთ პარლამენტში, რომელსაც მივიღებთ თავისუფალი, ნამდვილი არჩევნების შედეგად, რომელშიც ქართველ ხალხს ექნება საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური ნება დააფიქსიროს," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები