17 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
იმდენად დიდია ინტერესი პოლიტიკური პარტნიორების, რომ ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია - გია ვოლსკი 

ფასილიტატორი ელჩების მოწოდებებს გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ  ოპონენტები დაფიქრდებიან და ქვეყნის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ პარტნიორების ინტერესი დიდია და მოლაპარაკების სივრცე ისევ უნდა დარჩეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

"საკითხი, რასაც ჰქვია პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირების თემები, არის ექსპლოტირებული პოლიტიკურ ველზე საბრძოლველად. მაგრამ, რეალურად, ამ ბრძოლას ეწირება საქართველოს ინტერესები, მისი სტაბილურობის ინტერესები, იმის მაგივრად რომ იყოს პარლამენტში ამ საკითხებზე დავა და კამათი. იმდენად დიდია სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების, რომ ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში მყოფი კიდევ არა ერთი დეპუტატი მიიღებს გადაწყვეტილებას და საზოგადოება პარლამენტში იხილავს.

"ეს კიდევ ერთი გაჟღერება იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან ოპოზიციის მისამართით, რომ მათ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია. სივრცე არსებობს, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოქალაქეთა პარტია უკვე ვიხილეთ პარლამენტში. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ არა ერთი, ოპოზიციაში მყოფი დეპუტატი ჩამოყალიბდება და მიიღებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მათ მალე ვიხილავთ პარლამენტში,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩი საქართველოში, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს გაითვალისწინონ ქვეყნის ინტერესი და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს პარლამენტში. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, მოუსმენენ თუ რა არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის და ეს უბიძგებთ პოლიტიკოსებს, რომ მოძებნონ პრობლემების გადაჭრის გზები. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გაუუქმდეთ მანდატები ოპოზიციონერ დეპუტატებს არის ნაბიჯი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

  

დღის ამბები