60 დღიანი კარანტინი სოფელ ჯიხანჯურში - გამოვლენილი ცოფის შემთხვევის გამო, დასახლებაში სპეციალისტები მუშაობენ. პირველი შემთხვევა 22 დეკემბერს გამოვლინდა და დაწყებულია ვაქცინაცია.
საფრთხე დიდია მეზობელ სოფლებშიც, სადაც სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციას. ადგილობრივებს სოფლიდან შინაური ცხოველების გაშვება, ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.
საკარანტინე ღონისძიებები არ ვრცელდება მოქალაქეებზე და ადგილობრივებს არ ეკრძალებათ სახლიდან გასვლა და გადაადგილება. მონიტორინგი მხოლოდ პირუტყვზე დაწესდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შინაური ცხოველი ტურამ დაკბინა, რის შემდეგაც ლაბორატორიულმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს ცოფი იყო.
"ვეტექიმი მოვიყვანეთ, შეამოწმა ყველაფერი, ნემსები ყველაფერი დანიშნა მაგრამ არაფერმა არ უშველა. არც ჭამდა ხბო და არაფერი. უცებ წაიქცა და მოკვდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ნატო ქარდავა ამბობს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სოფელში ყველა საჭირო ღონისძიება უკვე გაატარეს.
"ამ ეტაპისთვის არის სიმშვიდე დაავადებასთან დაკავშირებით. ჩვენ დეკემბრის თვეში დაგვიფიქსირდა ცოფის შემთხვევა. გარეული ცხოველისგან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იქნა დაკბენილი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა მყისიერი ღონისძიება ამასთან დაკავშირებით, დროის მცირედ ინტერვალში, რაც კი იყო კანონმდებლობით გათვალისიწინებული, ღონისძიებები, ყველაფერი იქნა ჩატარებული,“ - ამბობს ნატო ქარდავა.