17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
კანონპროექტი ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას და მისცემს წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, ციხის ნაცვლად - თეა წულუკიანი ნარკოტიკების ახალ კანონზე

პარლამენტი 8 ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვას აგრძელებს. მას დეპუტატებმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს.

ახალი ინიციატივით გათვალისწინებულია, რომ განისაზღვროს ნივთიერებების ის მცირე ოდენობა, რომლის მომხმარების შემთხვევაშიც პირს, პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში იგივე სამართალდარღვევა განმეორდა, მას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით მიენიჭება კვალიფიკაცია.

"მოქმედი კანონით, რომელიც განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს და მკაცრი განსაზღვრებები შემოაქვს რიგ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, არ მოქმედებდა მცირე ოდენობაზე. აქედან გამომდინარე კი, ვერ ხერხდებოდა იმ შესაბამისი რელევანტური რეაგირების ფორმების გამოყენება სამართალდარღვევებთან მიმართებაში, რომელიც ჩადენილი იყო მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებაზე,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტი ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას და მისცემს წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, ციხის ნაცვლად.

"ეს არის ცალსახად დადებითი ნაბიჯი და უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ თუ ყველაფერს არ მოგვცემთ ვის რაში სჭირდება ეს პატარ-პატარა ნაბიჯები, რადგანაც ეს ნაბიჯები ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას და მისცემს წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, ციხის ნაცვლად. 3 წელი დავკარგეთ და ეს სამი წელი მე პირადად ძალიან მენანება. იმედი მაქვს, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც არასოდეს არაფერი არ არის მოსაწონი, მათი მიდგომებით კიდევ ერთხელ არ დავკარგავთ მორიგ სამ წელიწადს," - აღნიშნავს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. 

დღის ამბები