19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ბიზნესი, რომელსაც შეზღუდვებს შემსუბუქება არ შეეხო, უკმაყოფილოა - კომპანიები რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ

ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი სწავლა აღდგება სკოლებში, გაიხსნება კვების ობიექტების ღია სივრცეები. შემსუბუქება არ ეხება კერძო და საჯარო ბაღებს, ფიტნეს დარბაზებსა და მთის კურორტებს.

კომპანიებში ამბობენ, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლოა და გახსნის უფლებას ისინიც ითხოვენ. 

"ინ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას განცხადებით, გაუგებარია ამ გადაწყვეტილების ლოგიკა, როდესაც იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო მთის კურორტები კვლავ ჩაკეტილი რჩება. 

"ჩვენთვის გაუგებარი რჩება ლოგიკა, რაც ამ გადაწყვეტილების უკან იდგა. არ გვესმის, რატომ არ შეიძლება სამთო-სათხილამურო კურორტების, მათ შორის, სასტუმროების გახსნა, რომელთა ფუნქციონირებაც შეიძლება გარკვეული რეგულაციებით, ყველა საერთაშორისო სტანდარტებით, ისე, რომ არავის საფრთხე არ შეექმნას, არც დამსვენებელს და არც თანამშრომელს და, ამ დროს, ხსნიან მეტროს, სადაც ათასობით ადამიანი იქნება ერთ ადგილას. არის გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ გაგვცემენ პასუხს. უსამართლობად მიგვაჩნია, რომ სათხილამურო კურორტები იქნება ჩაკეტილი,"- განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფიტნესკლუბების წარმომადგენლებიც. "ოქტოპუს ფიტნეს კლუბის" დირექტორი გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან ყველა დამატებითი რეგულაცია, თუმცა, მათი ბიზნესისთვის გახსნის თარიღი კვლავ უცნობია. 

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია გახსნის თარიღი. მით უმეტეს, რომ მზად ვართ ყველანაირ დამატებითი რეგულაციებით ვიმუშაოთ, იქნება ეს სავალდებულო ტესტირება თუ სხვა, ვიმუშაოთ შეზღუდული მომხმარებლებით, მით უმეტეს, რომ მომართვიანობა ფიტნესკლუბში ისედაც არ არის ძალიან მაღალი, ვიმუშაოთ შემცირებული სამუშაო საათებით და, რეალურად, ზარალზე, იმის იმედით, რომ მივაღწევთ ამ სფეროს გადარჩენას. ძალიან გვინდა, შედგეს სამუშაო შეხვედრა, ჩვენ გავუზიაროთ ეპიდემიოლოგებს ან შრომის ინსპექციის სამსახურს ჩვენი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოდ ფიტნესკლუბების გახსნა, რომ სფერო გადარჩეს,"- განაცხადა გიორგი ასათიანმა. 

დღის ამბები