მაკო გომური ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული სოციალურ ქსელში წერს, რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და გერმანიაში გეგმიური ვიზიტიც უწევს, თუმცა, ამ დრომდე, უწყებიდან ვერ იღებს ინფორმაციას, როდის მოხდება მისი გამგზავრება.
გომური წერს, რომ მის საკონტაქტო პირი აქამდე ავთო თალაკვაძე იყო, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ კი მისი მკურნალობის საკითხი ღიად არის.
მაკო გომურის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ისინი მზად არიან ყველა საჭირო სერვისის გაწევისთვის, ასევე, შეისწავლიან იმ საკითხს, თუ რატომ იყო შეფერხება კომუნიკაციაში.
"საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის მართვის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებელად მასთან კომუნიკაციაში, ისევე, როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხში.
აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, თუმცა, ამ მომენტისთვის, ჩვენ არანაირ შეფერხებას არცერთ შემთხვევაში არ მოველით. ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარესაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის, როგორც ფინანსურად, ისე ნებისმიერი სხვა კუთხით, ეს საკითხი ძალაშია და ამას ბოლომდე მივიყვანთ. თუ იყო რამე შეფერხება, ის დღესვე გამოსწორდება,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.