17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად საორგანიზაციო სამზადისი დღეიდან დაიწყება

საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის შესაქმნელად საორგანიზაციო სამზადისი დღეიდან დაიწყება. ჩამოყალიბდება და დადგინდება, ვინ იქნებიან კომისიის წევრები. როგორც ცნობილია, სამუშაო ჯგუფში მმართველი გუნდი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან. შეგახსენებთ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო ცვლილებების მემორანდუმი პარტია "მოქალაქეებთან" გააფორმა.

"დაიგეგმება სამუშაო ჯგუფის მუშაობის განრიგი იმისათვის, რომ ჩვენ თვის ბოლომდე გვქონდეს კანონპროექტი. ეს რეფორმა იქნება მართლაც რადიკალური იმ კუთხით, რომ ექნება რამდენიმე განზომილება, მათ შორის იგეგმება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საარჩევნო პროცესში, ასევე რიგი სხვა ცვლილებები, რომელიც ნამდვილად ისტორიული ხასიათის ცვლილებებია,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე მომავალი არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული და გამჭვირვალე იქნება.

"ეს არის პირველი ნაბიჯი და პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსებს რომლებიც ამბობდნენ, რომ გამორიცხულია ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში. ეს ცვლილებები ნამდვილად აისახება და არჩევნები, რომელიც იქნება შემოდგომაზე იქნება აბსოლუტურად განსხვავებული," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა,  

დღის ამბები