19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება" - ზაზა გახელაძის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა

ზაზა გახელაძის ოჯახში, შეხვედრა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმყოფებოდა, დასრულდა.

ზაზა გახელაძის მეუღლემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მათ მიიღეს პირობა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. 

"მან გვითხრა, რომ არ უნდა ვინერვიულოთ და ემოციებს არ უნდა ავყვეთ, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. შიგნით რა ხდება, ჩვენ ამაზე არ გვქონდა საუბარი. გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. დეტალები არ ვიცით, მაგრამ მწამს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება," - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე. 

ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ისინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ფიქრობდნენ, რომ ზაზა გახელაძეს სასჯელი შეუმსუბუქდებოდა, თუმცა ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ მას  12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძის ახლობლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ამის მიუხედავად, მათ იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო მოლაპარაკების შედეგად, ზაზა გახელაძეს ოჯახს დაუბრუნებენ. 

"ზაზას არაფერი დაუშავებია, არც კაცი მოუკლავს და არაფერი. საოკუპაციო რეჟიმის ბრალი მის მიმართ უსამართლოა. ალბათ ოჯახი გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას. იმედი ისევ გვაქვს, რომ ის ოჯახს დაუბრუნდება,"- აცხადებს ზაზა გახელაძის ბიცოლა იზო გახელაძე.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები