რა გზა რჩება საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობიდან გასათავისუფლებლად - გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მათთან დღეს, სოფელ ქვემო ჭალაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ. გატაცებულის ახლობლებმა ოფიციალური ინფორმაცია მოისმინეს იმ ე.წ. სასამართლო პროცესზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა 12 წლით და 6 თვით მიუსაჯეს.
ანტიჰუმანური გადაწყვეტილება - ასე აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი ანთიძე ასევე აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს ყველა მეგობარი სახელმწიფო უკვე ინფორმირებულია.
"ე.წ. გადაწყვეტილება ეს არის უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედება, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის არსი, რასაც რუსეთის საოკუპაციო ძალები წლების მანძილზე მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამ ანტიჰუმანურ ქმედებას აუცილებლად მიეცემა ადეკვატური შეფასება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინფორმირებულია ყველა ჩვენის საერთაშორისო პარტნიორი და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რომ მოხდეს სათანადო მხარეებზე ზეწოლა, რათა უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთიძემ.
ზაზა გახელაძის მეუღლეს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო იმ საჭირო ბერკეტებს აამოქმედებს, რომელსაც აქამდე ვერ ახორციელებდნენ, რადგან უკანონოდ დაპატიმრებულ ზაზა გახელაძეს, აქამდე მისჯილი არ ჰქონდა.
"უმთავრესი არის ის, რომ არ გაჩერდება საქართველოს ხელისუფლება და უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებენ მათზე. აამოქმედებენ სხვა ბერკეტებს, რომლის ამოქმედებაც აქამდე არ შეეძლოთ, რადგან ზაზას აქამდე მისჯილი არ ჰქონდა, ამის მერე კი სხვანაირი დატვირთვით იმუშავებენ. ბევრი რამ გვაინტერესებს, უბრალოდ არ გვინდა სიღრმეში შევიდეთ, გვირჩევნია გააკეთონ თვითონ და და შედეგები ვნახოთ,"- აღნიშნავს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.