COVID-19 მხოლოდ ფილტვების ინფექცია არ არის, ვირუსი თავის ტვინსაც აზიანებს და ყოველი გამოჯანმრთელებული 8 ადამიანიდან ერთს ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს. ასეთი გართულებები ძირითადად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებთან ვლინდება და ხშირად გამოხატულია 50 წელს ზემოთ ქალებში.
ოქსფორდის უნივერსიტეტმა 237 ათასი კოვიდგადატანილი ადამიანი გამოიკვლია. გამოჯანმრთელებიდან 3 თვის შემდეგ 33 პროცენტს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები განუვითარდა - იშემიური ინსულტი, პარკინსონიზმი, ნერვკუნთოვანი დაავადებები, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დაავადებები, შფოთი, დეპრესია და უძილობა.
პოსტკოვიდური გართულებით ათობით ადამიანი მკურნალობს საქართველოშიც.
გართულების პირველივე ნიშანი ტემპერატურის ცვლილებაა, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს. ასეთ დროს სპეციალისტები კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ერთ კვირაში საქართველოში რანდომიზირებული კვლევები დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლი უკვე შეიმუშავა. 31 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი პოსტმწვავე COVID-19 და ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ბინაზე მართვა.
მედიკოსები 500 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან - პაციენტებს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა. სპეციალისტები საჭიროების მიხედვით უკლებლივ ყველა მანიფესტაციას, საერთო სისუსტეს, გულის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებს გამოიკვლევენ.