რესტორატორებმა დაუმორჩილებლობა გადაიფიქრეს. დაანონსებული საპროტესტო გეგმა მთავრობის იმ გადაწყვეტილებამ შეცვალა, რომლის მიხედვითაც, 15 თებერვლიდან რესტორნები მომხმარებლებს ღია სივრცეში უმასპინძლებენ.
200-მდე რესტორნის პოზიცია დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანეს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ 15 თებერვლის შემდეგ კვირებში რესტორნებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება არ მიეცემათ, დაუმორჩილებლობის აქცია დღის წესრიგში დაბრუნდება.
რესტორატორთა აზრით, 15 თებერვლიდან ღია სივრცეში სტუმრების მომსახურება სექტორისთვის შეღავათი ვერ იქნება, რადგან სიცივის გამო სტუმრები გარეთ არ დასხდებიან. კომენდანტის საათის გამო კი სამუშაო დღეებში მოთხოვნა არ იქნება.
მასშტაბური დაუმორჩილებლობის აქცია გაუქმებულია, თუმცა, თუ რესტორნები ინდივიდუალურად მაინც განაახლებენ მუშაობას, მათ სანქციები დაეკისრებათ. შრომის ინსპექცია ობიექტებს დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
15 თებერვლიდან რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუმრებს ღია სივრცეში მიიღებენ. რესტორატორების თქმით, თუ ამ თარიღის შემდეგ კოვიდვითარება სტაბილური იქნება მაგრამ რეგულაციები არ გამარტივდება, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.