19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ფოთში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული შალვა შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებს

ფოთში, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული შალვა შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ განაცხადა.

დაკავებულს ბრალი დღესვე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, შალიკაშვილის ამბობს, მას გურამ ახალაიას მკვლელობის მოტივი არ ჰქონია, რადგან 15 წლის წინ მისი ძმის გაუჩინარების საქმეში ახალაიას აღარ ადანაშაულებდა.

ადვოკატის განმარტებით, ამოღებული არ არის იარაღი. რაც შეეხება "ტოიოტას" მარკის ავტომობილს, ბრალდებული განმარტავს, რომ ავტომანქანა არა მას, არამედ უცნობ პირს, ვინმე დარსალიას ეკუთვნოდა, რომელიც ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის.

შალვა შალიკაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. 

დღის ამბები