ოპოზიციის წევრები ვიოლა ფონ კრამონის "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ევროპარლამენტარი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკოსებს მანდატებზე უარის თქმის შეწყვეტას და პარლამენტში შესვლას მოუწოდებს.
ოპოზიციის ლიდერები კვლავაც იმეორებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მისცემენ.
"ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვცემთ პატივს და ვერანაირად ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას "ქართული ოცნების" დადგმულ სპექტაკლს და ვერ შევუერთდებით ამ პარლამენტს, იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი კომფორტულად იგრძნოს და მომდევნო 4 წელი ბიძინა ივანიშვილის გართობაში გაატაროს.
ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმისათვის, რომ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა რეალურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა," - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა.
ოპოზიციის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა, როგორც მოქალაქეების და ოპოზიციის მხრიდან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან გაძლიერდეს, რათა მათი მოთხოვნები იქნეს შესრულებული.
"ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის ევროპარლამენტარების აზრს. ყველას საერთო ინტერესებშია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს და მის უფლებას, რომ არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, რისი უფლებაც მას წაართვეს 2020 წლის არჩევნების დროს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გაძლიერდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ წნეხი, რომ ვაიძულოთ მათ აღიარონ ის მძიმე რეალობა, რაშიც ვართ და შემდეგ ერთად ვეძებოთ გამოსავლი ამ პოლიტიკური ჩიხიდან," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.